ნინო ბურჯანაძე - იმედი მაქვს, პატრიარქი მის წინააღმდეგ განხორციელებულ დიდ დარტყმას გაუძლებს
ნინო ბურჯანაძე - იმედი მაქვს, პატრიარქი მის წინააღმდეგ განხორციელებულ დიდ დარტყმას გაუძლებს

ეს არის უმძიმესი დარტყმა ქვეყნის, ერისა და ჩვენი სულიერების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ სინოდის სხდომაზე დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ეკლესიის მხრიდან დროულად უნდა ყოფილიყო „საგანგებო ზომები მიღებული, რათა აქამდე საქმე არ მისულიყო“.

„ის, რისი მომსწრეც დღეს ჩვენ გავხდით, არის აბსოლუტური კატასტროფა. ეს არის უმძიმესი დარტყმა ქვეყნის წინააღმდეგ, ერის წინააღმდეგ, ჩვენი სულიერების წინააღმდეგ. ეს დარტყმა არ არის მიმართული კონკრეტული, მხოლოდ ერთი ინსტიტუტის და ერთი პიროვნების წინააღმდეგ, ეს არის თითოეული ჩვენგანის ძალიან დიდი შეურაცხყოფა და ერის დასამარების მცდელობა.

ჩანდა, რომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდისკენ მიდიოდა. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვია ხელისუფლების ხელის ფათურმა საპატრიარქოში და ხელისუფლების მცდელობამ, რომ ქვეყანაში აღარ იყოს ავტორიტეტები და აღარ არსებობდეს არავინ, ვისი რწმენაც ექნებათ. ეს, ალბათ, გარკვეულწილად, საპატრიარქოს სისუსტეცაა. ვფიქრობ, დროულად უნდა ყოფილიყო საგანგებო ზომები – მოკვეთის მსგავსი მტკივნეული ზომებიც მიღებული, რომ აქამდე საქმე არ მისულიყო“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ პატრიარქი შეძლებს, „დიდი დარტყმის გაძლებას“ და იქნება ადეკვატური რეაგირება.

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ პატრიარქი შეძლებს, საპატრიარქოს, მისი და ერის წინააღმდეგ გაკეთებული დიდი დარტყმის გაძლებას და ასევე, მე პირადად ველოდები, რომ ადეკვატური რეაგირება იქნება იმ უმსგავსობაზე, რაც ყოფილმა მეუფემ გააკეთა. ეს არ არის ვინმეს წინააღმდეგ ბრალდება, ეს არის ქვეყნის, ერის, რწმენის და ყველაფრის ღალატი, რაც კი შეიძლება წმინდა არსებობდეს ამ ქვეყნად. ეს არავის უნდა ეპატიოს და ამაზე ადეკვატური პასუხი უნდა იყოს გაცემული, როგორც ერის, ასევე ბერის მხრიდან“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. წმინდა სინოდის დღევანდელი კრების განჩინება ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა, სხდომაზე მიღებულ ორ გადაწყვეტილებაზე ყოფილმა მღვდელთმთავარმა, პეტრე ცაავამ ისაუბრა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის „პატრიარქმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა“. ამასთან, წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.