ბუქარესტში შავი ზღვა-კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შესახებ დეკლარაცია გაფორმდება
ბუქარესტში შავი ზღვა-კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შესახებ დეკლარაცია გაფორმდება

ბუქარესტში დღეს საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა გაიმართება, რომლის ძირითადი მიზანი  კასპიის ზღვა-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თემებზე მსჯელობა და ერთობლივი დეკლარაციის მიღებაა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განცხადებაში დაფიქსირდება აღნიშნული ქვეყნების პოლიტიკური ნება რეგიონში ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების თაობაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მარშრუტის ერთ-ერთი მონაწილე ქვეყანა არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის  ჩართულობას სატრანსპორტო მარშრუტში.

საქართველოს, როგორც რეგიონის, ლოგისტიკური ცენტრის გაძლიერება, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით, ხორციელდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ლაპის ლაზულის სატრანსპორტო დერეფანი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და განვითარება, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი და სხვა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შავი ზღვა-კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ინიცირება გასულ წელს მოხდა. 2018 წლის 24-25 ოქტომბერს აშხაბადში კასპიის ზღვა-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე ექსპერტთა შეხვედრა გაიმართა, რომელშიც აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.