ბუქარესტის სასამართლომ რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს თაღლითობის საქმეზე 30 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ბუქარესტის სასამართლომ რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს თაღლითობის საქმეზე 30 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ბუქარესტის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის გამოძიების სამმართველოს (DIICOT-ის) პროკურორების სააპელაციო საჩივარი და მიიღო გადაწყვეტილება, რომ კალინ ჯორჯესკუსა და ბიზნესმენ იონელ რუსენს 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდოთ. საქმე ეხება თაღლითობის ბრალდებას, რომლის შედეგადაც, გამოძიების მიხედვით, ერთ ბიზნესმენს 1,1 მილიონი ევროს ოდენობის ზიანი მიადგა.
სააპელაციო სასამართლოს ორი მოსამართლე არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას, რის გამოც მათ წარადგინეს შუამდგომლობა „სრული უთანხმოების შესახებ“.
ჯორჯესკუსა და ბიზნესმენ იონელ რუსენს ბრალად ედებათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა და განსაკუთრებით მძიმე შედეგების გამომწვევი თაღლითობა.
DIICOT-ის პროკურორების მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი დაზარალებული დაარწმუნეს, რომ საბანკო დაწესებულებისგან ექვსი მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებდა, თუ შესაბამის გარანტიას წარადგენდა. ამის შემდეგ დაზარალებულმა ერთ მილიონ ევროზე მეტი თანხა გადარიცხა. მოგვიანებით, ეჭვმიტანილებმა მას უთხრეს, რომ დამატებითი გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, დაფინანსების თანხა შესაძლოა, 15 მილიონ ევრომდე გაზრდილიყო. ამის შემდეგ დაზარალებულმა ბიზნესმენმა დამატებით 100 ათასი ევრო გადარიცხა.
რუმინული მედიის ცნობით, საქმეზე გამოძიება უფრო ადრე, ბიზნესმენის მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე დაიწყო. 2025 წლის სექტემბერში DIICOT-მა დაადასტურა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნისა და თაღლითობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის არსებობა. იმ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობდა ისე, რომ არცერთ პირს ეჭვმიტანილის სტატუსი არ ჰქონდა.
კალინ ჯორჯესკუ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და პირველ ტურში პირველი ადგილი დაიკავა. თუმცა, 2024 წლის 6 დეკემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, ხოლო ჯორჯესკუს განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა. ეს მას შემდეგ, რაც უცხოური ჩარევის, კიბერთავდასხმებისა და სოციალურ მედიაში მისი საარჩევნო კამპანიის დარღვევების შესახებ გასაიდუმლოებული დოკუმენტები გასაჯაროვდა. 2025 წლის მაისში კი, ჯორჯესკუმ პოლიტიკად წასვლის შესახებ განაცხადა.