ბუნდესლიგაში „ბაიერნის“ უპირატესობა 20 ქულამდე გაიზარდა
ბუნდესლიგაში „ბაიერნის“ უპირატესობა 20 ქულამდე გაიზარდა

გერმანიის ჩემპიონატში 25-ე ტური ლიდერის მატჩით დასრულდა. „ბაიერნი“ სტუმრად ხვდებოდა „ფრაიბურგს“ და ბოლო წლების ტრადიციას არ უღალატა. „რეკორდმაისტერი“ „ფრაიბურგის“ წინააღმდეგ ბოლო მატჩებში საშუალოდ ოთხ გოლს იტანდა და ასე მოხდა ამჯერადაც.

იუპ ჰაინკესს კი „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის რანგში „ფრაიბურგისგან“ გოლი არ ჰქონდა მიღებული და ეს ტრადიციაც გაგრძელდა.

„ფრაიბურგის“ განადგურება 25-ე წუთზე დაიწყო, როცა შვოლოვმა საკუთარ კარში გაიტანა. ამის შემდეგ კი ტოლისომ (28-ე წუთი), ვაგნერმა (54) და მიულერმა (69) 4:0 გახადეს ანგარიში. თომას მიულერმა 102-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში „ბაიერნის“ მაისურით და გაუთანაბრდა კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილზე მყოფ დიტერ ჰიონესს. ამ დუეტზე წინ მხოლოდ გერდ მიულერი, კარლ-ჰაინც რუმენიგე და როლანდ ვოლფარტი არიან.

ამ მოგების შემდეგ, ბავარიელთა უპირატესობა უახლოეს მდევართან – „შალკესთან“ 20 ქულამდე გაიზარდა. „ბაიერნი“ 11 მატჩია არ მარცხდება ბუნდესლიგაში და სამი მოგება აშორებს ჩემპიონობას.