ბულგარეთში საპროტესტო აქციაზე 18 პირი დააკავეს
ბულგარეთში საპროტესტო აქციაზე 18 პირი დააკავეს

ბულგარეთში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 18 პირი დააკავეს. დემონსტრანტები ქვეყნის გენერალურ პროკურორსა და მთვარობას კორუფციის ფაქტების გამოძიების განზრახ შეყოვნებაში ადანაშაულებენ.

მოგვიანებით, აქციაზე დაკავებული პირების ნაწილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის მოთხოვნით გაათავისუფლეს.

როგორც „როიტერი“ წერს, ბულგარეთი ევროკავშირში ყველაზე ღარიბი და კორუმპირებული ქვეყანაა, რომელიც ამ პრობლემასთან გამკლავებას დიდი ხანია, ცდილობს. თუმცა, ქვეყანაში ამ ბრალდებით ჯერ არც ერთი ოფიციალური პირი არ დაუკავებიათ.

ბულგარეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურამ პრეზიდენტ რუმენ რადევის ოფისის ჩხრეკა ჩაატარა. „როიტერის“ ინფორმაციით, რადევი ბულგარეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია.