ბულგარეთში ბოლო ორ წელიწადში საპარლამენტო არჩევნები მეხუთედ იმართება
ბულგარეთში ბოლო ორ წელიწადში საპარლამენტო არჩევნები მეხუთედ იმართება

ბულგარეთში ბოლო ორ წელიწადში საპარლამენტო არჩევნები მეხუთედ იმართება. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ახალ პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო ხმების მიღებას ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს.

სოციოლოგიური კვლევებით, არჩევნებში ფავორიტებად ითვლებიან ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის კონსერვატიული პროევროპული კოალიცია „გერბი“ და მისი პარტნიორი „დემოკრატიული ძალების კავშირი“, რომელსაც ამომრჩეველთა 26,2% ემხრობა. მეორე ადგილზეა ახალჩამოყალიბებული კოალიცია, რომელშიც შედიან პროდასავლური პარტია „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს“ და რეფორმისტული „დემოკრატიული ბულგარეთი“. მათ ამომრჩეველთა 25,6%-ი უჭერს მხარს. ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია შეძლებს პირველ ადგილზე გასვლას, მთავრობის ფორმირება მაინც პრობლემური იქნება.

ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირების საგანი არის ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვის ფიგურა, რომლის მთავრობასაც კორუფციაში სდებენ ბრალს. მისი მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ვლადისლავ გორანოვი ცოტა ხნის წინ „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს და სანქციები დაუწესეს. ამის გამო პარტია „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს“ და „დემოკრატიული ბულგარეთი“ ბორისოვის „გერბთან“ თანამშრომლობაზე უარს ამბობენ.

მესამე ადგილზე, კვლევების მიხედვით, არის ნაციონალისტური პარტია „აღორძინება“.

საარჩევნო კამპანიის დროს აქტუალურ საკითხებს შორის რჩება კორუფციასთან და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი. როგორც ცნობილია, ბულგარეთი აქტიურად უჭერს მხარს კიევს და შეიარაღებასაც აწვდის. ორ კოალიციას, რომლებიც კვლევებში ლიდერობენ, ასეთი პოზიციის შენარჩუნება სურთ.

თუმცა, ქვეყნის პრეზიდენტი რუმენ რადევი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მოწინააღმდეგეა. ამ საკითხზე ბულგარეთის საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

საარჩევნო ყუთები ბულგარეთში ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება და გამოქვეყნდება ეგზიტპოლის შედეგები.