ბულგარეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
ბულგარეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

სოფიაში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც დედაქალაქის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანტონ ზლატანოვმა ბრიფინგზე განაცხადა, დემონსტრაციის დროს აქციის მონაწილეების ჯგუფსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც დაშავდა ორი სამართალდამცველი და ერთი დემონსტრანტი. დაკავებულია ექვსი მომიტინგე.

პოლიციის ცნობით, აქციის მონაწილეებს შორის პროვოკატორთა ჯგუფი მოქმედებდა.

ბულგარეთის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლები უკვე თითქმის ერთი კვირაა, გრძელდება. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ რუმენ რადევს მხარდაჭერას უცხადებენ და მთავრობას რადევის პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაში ადანაშაულებენ. გასულ კვირას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი თანამშრომლის კაბინეტებში ჩხრეკა ჩატარდა. გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროების საქმეებზე მიმდინარეობს.

თავად პრეზიდენტი რუმენ რადევი აცხადებს, რომ გამოძიების მიზეზი მთავრობისა და პროკურატურის მიმართ მის მიერ გამოთქმული კრიტიკა გახდა.