ბულგარეთმა მომდევნო ცხრა თვით როტაციული მთავრობა დაამტკიცა
ბულგარეთმა მომდევნო ცხრა თვით როტაციული მთავრობა დაამტკიცა

ბულგარეთმა მომდევნო ცხრა თვით როტაციული მთავრობა დაამტკიცა. მთავრობის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი დენკოვი იქნება. ახალ მთავრობას მხარი დაუჭირა 131-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგი 69 დეპუტატი იყო, რომელთა ძირითადი ნაწილი ბულგარეთის სოციალისტური პარტიის, პარტია „აღორძინებისა“ და „არსებობს ასეთი ხალხის“ წევრები არიან.

პარლამენტში გამოსვლისას ნიკოლაი დენკოვმა აღნიშნა, რომ დეპუტატებს დაუყოვნებლივ წარუდგენს კანონპროექტს 2023 წლის ბიუჯეტის თაობაზე და კანონპროექტს იმ მოთხოვნების შესრულების შესახებ, რომელიც ბულგარეთის შენგენის ზონასა და ევროზონაში გაწევრიანებას ისახავს მიზნად.

ბულგარეთში როტაციული მთავრობის დანიშვნის შესახებ შეთანხმება ქვეყნის ორ უმსხვილეს საპარლამენტო ბლოკს შორის ბოლო სამ წელიწადში ოთხჯერ გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა. შეთანხმების მიხედვით, 9 თვის შემდეგ მთავრობას, ნიკოლაი დენკოვის ნაცვლად, ყოფილი ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი უხელმძღვანელებს.