ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების შესუსტება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ყირიმის ანექსიის შედეგიც არის
ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების შესუსტება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ყირიმის ანექსიის შედეგიც არის

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების შესუსტება რუსეთის ქმედებების შედეგია, მათ შორის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ყირიმის უკანონო ანექსია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ატანას ზაპრიანოვმა განუცხადა, რომელიც ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.

„თუ ზოგად სიტუაციას შევაფასებთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია არ არის იმდენად კარგი, რამდენადაც ვისურვებდით. აქ ვხედავ რეგიონის ყველა ქვეყნის საერთო ინტერესს, გარდა რუსეთისა, რადგან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების შესუსტება სწორედ რუსეთის ქმედებების შედეგია, მათ შორის 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, 2014 წელს უკრაინაში ყირიმის უკანონო ანექსია. ამიტომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ამ რეგიონის ქვეყნებისთვის არის კარგი შესაძლებლობა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრება“, – აღნიშნა ატანას ზაპრიანოვმა.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარების შესახებ დასმულ კითხვაზე ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, საქართველოს მთავრობას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, იზრუნოს მოსახლეობაზე ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარესაც.

„ეს არის რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი საკითხი, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს ძალიან აქტიური, რადგან ამ საკითხში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ. როგორც მე ჩემს პრეზენტაციაში აღვნიშნე, ბულგარეთის პოლიტიკური პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, საქართველოს მთავრობას კი უნდა ჰქონდეს ყველა შესაძლებლობა, იზრუნოს საქართველოს მოსახლეობაზე ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარესაც. ეს არის ჩვენი პოლიტიკური მოსაზრება“, – განაცხადა ატანას ზაპრიანოვმა.