ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სურთ, უკრაინას საარტილერიო ჭურვებით დაეხმარონ
ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სურთ, უკრაინას საარტილერიო ჭურვებით დაეხმარონ

ბულგარეთს სურს, ევროკავშირის გეგმის ფარგლებში უკრაინას საარტილერიო ჭურვებით დაეხმაროს. ამის შესახებ ქვეყნის ახალმა თავდაცვის მინისტრმა, თოდორ თაგარევმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბულგარეთი ევროკავშირის ორი ქვეყნიდან ერთ-ერთია, ნეიტრალური ირლანდიის გარდა, რომელიც არ შეუერთდა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვას ევროპის თავდაცვის სააგენტოს მეშვეობით.

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ახლა ეს გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს.

„ჩვენ ძალიან მკაფიო მიზანი გვაქვს და ვართ განწყობილი კოალიციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, შევძლებთ უკრაინისთვის საჭირო საბრძოლო მასალის ნაწილის მიწოდებას. პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ აუცილებლად ჩავდებთ ძალისხმევას და მჯერა, ვიპოვით გზას“, – განაცხადა თაგარევმა.

თოდორ თაგარევის თქმით, ბულგარეთის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანა სპეციალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის, მსუბუქი შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის წარმოებაში ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან.