ბულგარეთის საპარლამენტო დელეგაცია ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებას შთამბეჭდავს უწოდებს
ბულგარეთის საპარლამენტო დელეგაცია ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებას შთამბეჭდავს უწოდებს

ვიცე პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ჯემა გროჟდანოვა ხელმძღვანელობდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე მიესალმა დელეგაციის ვიზიტს საქართველოში, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ისტორიული კავშირებს და აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ბულგარეთთან. მან მადლობა გადაუხადა ბულგარეთის დელეგაციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გაწეული დახმარებისთვის. ვიცე-პრემიერმა გამოჰყო ბულგარეთის საელჩოს წვლილი, რომელიც 2017-2019 წლებში საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციებსაც ასრულებს.

სამინისტროს ცნობით, ჯემა გროჟდანოვამ, თავის მხრივ, აღნიშნა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და შთამბეჭდავი უწოდა ევროკავშირთან ინტეგრაციის მხრივ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, მათ შორის, განსაკუთრებით გამოჰყო შენგენის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ამოქმედება, ასევე, ენერგო გაერთიანებაში გაწევრიანება. მან დაადასტურა, რომ ბულგარეთი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას, როგორც ევროკავშირთან, ისე ნატო-ში შემდგომი ინტეგრაციის მხრივ.

ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას, აღინიშნა დაგეგმილი ვიზიტების და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების როლი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეები გააგრძელებენ აქტიურ მუშაობს ორი ქვეყნის დამაკავშირებელი შავი ზღვის პოტენციალის სრულად ასათვისებლად, მათ შორის, ეკონომიკური და სატრანსპორტო პროექტების განხორციელების და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ამოქმედების აუცილებლობის მხრივ.

შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წევრები ქუთაისში გაემგზავრნენ, სადაც ორი დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრებს გამართავენ თავიანთ ქართველ კოლეგებთან.