ბულგარეთის საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა სატვირთო მანქანაში 206 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს, დაკავებულთა შორის არის კონგოელი დიპლომატი
ბულგარეთის საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა სატვირთო მანქანაში 206 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს, დაკავებულთა შორის არის კონგოელი დიპლომატი

ბულგარეთის საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა სატვირთო მანქანაში 206 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ეს ქვეყანაში აღმოჩენილი ნარკოტიკის უმსხვილესი პარტიაა.

კონტრაბანდული ტვირთი, რომლის ღირებულება 20 მილიონ ევროდ ფასდება, თურქეთში გადაჰქონდათ ბელგიური ნომრების მქონე მანქანით. მანქანის შემოწმების დროს საბაჟოს თანამშრომლებმა ხუთ ჩანთაში, პირად ნივთებში 179 დაფასოებული შეკვრა კოკაინი იპოვეს.

ჰასკოვოს ოლქის პროკურორის, ივან სტოიანოვის განცხადებით, თურქეთში საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დაკავებულია სამი ადამიანი – ბელგიაში აკრედიტებული კონგოელი დიპლომატი, ბელგიის მოქალაქე და ბულგარელი მძღოლი. მათ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით დაწყებულია გამოძიება კოკაინის წარმომავლობისა და იმ პირების დასადგენად, ვისთანაც გადაჰქონდათ კონტრაბანდული ტვირთი.