ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა
ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 400 სპეციალური კომბინიზონი, ამდენივე სახის ფარი და სათვალე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქართველოში ბულგარეთის ელჩმა, დესისლავა ივანოვამ პირადად გადასცა.

ჰუმანიტარული დახმარება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა ჩაიბარა.

ბულგარელი დიპლომატის თქმით, ეს არის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული ნაბიჯი და აღნიშნული ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობას უსვამს ხაზს.

„როგორც საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი და შესაძლებლობა, ეს ჰუმანიტარული დახმარება გადავცე საქართველოს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეძლეს დღეს აქ ყოფნა. ეს არის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული ნაბიჯი. აღნიშნული აჩვენებს, რომ მსგავსი გამოწვევების დროს ჩვენ ერთად ვდგავართ. ეს არის ბულგარეთის რესპუბლიკის კონტრიბუცია ევროკავშირის ფართო ინიციატივაში „ევროპის გუნდი“, რათა მხარი დაუჭირონ პარტნიორ ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში და მის შედეგებთან გამკლავებაში“, – აღნიშნა დესისლავა ივანოვამ.