ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბულგარეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს ვეტოს დაადებს
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბულგარეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს ვეტოს დაადებს

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევი აცხადებს, რომ ბულგარეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს ვეტოს დაადებს. მისივე თქმით, სანქციების რიგით 21-ე პაკეტმა, შეიძლება, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბულგარეთის ეკონომიკაზე.

ბრიუსელში ევროპის საბჭოს შეხვედრის წინ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი კომპანია Lukoil Neftohim Burgas-ისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რაც ბულგარეთში „საჯარო (საზოგადოებრივ) რისკებს“ ქმნის.

ამასთან, რადევმა განაცხადა, რომ ბულგარეთი არ ეთანხმება რუსეთის ეკლესიის მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის რუსეთის პატრიარქ კირილის წინააღმდეგ სანქციებს.

„ბულგარეთმა უკვე გამოთქვა გარკვეული ეჭვები ამ სანქციებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ უკვე გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ არ დავუშვებთ სანქციებს, რომლებიც ზიანს აყენებს და საფრთხეს უქმნის ბულგარეთის ეკონომიკას. აქ შემიძლია, მივუთითო რისკი „ლუკოილის“ ფუნქციონირებისთვის. შემიძლია, მივუთითო რისკები დედაქალაქის მეტროს სათადარიგო ნაწილებით მომარაგებისთვის. ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქა, დიდი ხანია, დასრულდა. ეს ომი უკვე გასცდა სანგრებს; ის სცილდება ეკონომიკასა და ენერგეტიკას, ჩვენ ვხედავთ მის გავლენას კულტურასა და სპორტზე და ახლა რაც რჩება, არის ის, რომ რელიგიაც მოიცვას“.

„როიტერის“ ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა და მასში 34 ფიზიკური პირი და 47 იურიდიული პირი დაამატა, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის სამხედრო და სამრეწველო კომპლექსთან, მის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტანკერების ჩრდილოვან ფლოტთან.