ბულგარეთის პარლამენტში განიხილავენ პროექტს, რომელიც ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს
ბულგარეთის პარლამენტში განიხილავენ პროექტს, რომელიც ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს

ბულგარეთის პარლამენტში განიხილავენ პროექტს, რომელიც ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ამის შესახებ ბულგარული მედია წერს.

საუბარია კოალიციური პარტიების ჯგუფის დეკლარაციის პროექტზე, რომელიც ბულგარეთის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტმა დაამტკიცა.

ბულგარელი დეპუტატების მიერ მხარდაჭერილ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინასა და ევროპაში მშვიდობის აღდგენის ყველაზე პირდაპირი გზა არის რუსეთის სრული და დაუყოვნებელი ნებაყოფლობითი გასვლა მისგან დაზარალებული სუვერენული სახელმწიფოების საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან. დოკუმენტი ასევე მოუწოდებს ქვეყნებს უკრაინის სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერის გაგრძელებისკენ.

ამასთან, მედიის ცნობით, არ დაზუსტებულა, დადგება თუ არა პარლამენტში კენჭისყრაზე უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ესმის ომის დროს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შეუძლებლობა, მაგრამ ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს, თუ უკრაინა არ მიიღებს კონკრეტულ სიგნალებს იმის შესახებ, როდის შეძლებს ალიანსში გაწევრიანებას.