ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე ვეტოს მოხსნას
ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე ვეტოს მოხსნას

მედიის ინფორმაციით, ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე ვეტოს მოხსნას. შესაბამის გადაწყვეტილებას 170-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 37 წინააღმდეგი იყო, 21-მა კი თავი შეიკავა. თუმცა ბულგარეთის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ჩრდილოეთ მაკედონიამ ბულგარეთის რამდენიმე მოთხოვნა უნდა შეასრულოს.

მოთხოვნებს შორის არის ჩრდილოეთ მაკედონიაში მცხოვრები ბულგარელი უმცირესობის უფლებების დაცვის საკითხის კონსტიტუციაში გაწერა, ასევე მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი შესრულება.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში ინტეგრაციაზე ბულგარეთის ვეტო ვრცელდება ალბანეთზეც, რომლის ევროინტეგრაცია ბრიუსელის მიერ ბულგარეთზეა მიბმული.

ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი დიმიტარ კოვაჩევსკი ბულგარეთის პირობებს მიუღებელს უწოდებს. სოფიასა და სკოპიეს შორის დავა იდენტობასა და ენას უკავშირდება, ბულგარეთი არ აღიარებს მაკედონიურ ენას.

22 ივნისს ბულგარეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრის კირილ პეტკოვის მთავრობას, მას შემდეგ, რაც მისი მმართველი კოალიცია დაიშალა ერთ-ერთი პარტნიორი პარტიის გასვლის შედეგად, რომელმაც პეტკოვს ჩრდილოეთ მაკედონიის ევროინტეგრაციაზე ვეტოს მოხსნის მხარდაჭერაში და ამით ქვეყნის ეროვნული ინტერესების უპატივცემულობაში დასდო ბრალი.

აღსანიშნავია, რომ 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთს სამიტზე ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერებმა მწვავედ გააკრიტიკეს ბულგარეთი მათი ევროინტეგრაციის პროცესის დაბლოკვის გამო.