ბულგარეთის პარლამენტის კომიტეტმა დაამტკიცა პროექტი, რომლითაც უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის აკრძალვის გაგრძელებას მხარს არ უჭერენ
ბულგარეთის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინოვაციების კომიტეტმა დაამტკიცა პროექტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყანა არ უჭერს მხარს უკრაინიდან გარკვეული სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის აკრძალვის გაგრძელებას 2023 წლის 15 სექტემბრის შემდეგ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
კომიტეტის ათმა წევრმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილების პროექტს, ოთხმა წინააღმდეგობა გამოთქვა, ორმა კი თავი შეიკავა პასუხისგან. საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უნდა მიიღოს.
უკრაინიდან სოფლის მეურნეობის იმპორტის შესახებ ბულგარეთის პოზიციის პროექტში ნათქვამია, რომ ქვეყანა არ უჭერს მხარს 15 სექტემბრის შემდეგ ღონისძიების გაგრძელებას, რომელიც კრძალავს უკრაინიდან ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირის თესლის იმპორტს ბულგარეთში, პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. დოკუმენტი მინისტრთა საბჭოს ავალებს ამ პოზიციის გამოსახატავად საჭირო ზომების მიღებას.
მარცვლეულის მწარმოებელთა ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე ილია პროდანოვმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცავს ანალიზს იმ შედეგების შესახებ, რაც მას მოჰყვება. პროდანოვის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სოფლის მეურნეობას.