ბულგარეთის დედაქალაქში ქართველი კალიგრაფის, გიორგი სისაურის პერსონალური გამოფენა გაიმართება
ბულგარეთის დედაქალაქში ქართველი კალიგრაფის, გიორგი სისაურის პერსონალური გამოფენა გაიმართება

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ახალგაზრდა ქართველი მხატვრისა და კალიგრაფის, გიორგი სისაურის პერსონალური გამოფენა გაიმართება.

ექსპოზიცია სახელწოდებით „სამოთხის შეხება“ ავტორის მიერ შექმნილ, ქართული ანბანის 38 საზედაო ასოსა და მის მიერ, წლების განმავლობაში შექმნილ მინიატურებს, ასევე  გრაფიკულ ნამუშევრებს გააერთიანებს.

გამოფენა სოფიაში, სან სტეფანო გალერეაში ორი კვირის განმავლობაში დარჩება.

ექსპოზიცია ბულგარეთში საქართველოს საელჩოსა და ბულგარეთში საქართველოს დიასპორის ორგანიზებითა და ხელშეწყობით იმართება.

ექსპოზიცია 19 თებერვალს გაიხსნება და მას ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები დაესწრებიან.

გამოფენა სან სტეფანო გალერეაში 6 მარტის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.

გიორგი სისაური ახალგაზრდა ქართველი კალიგრაფი და მხატვარია, რომელიც შვიდი წლიდან ხატავს ბიბლიურ სცენებს, პორტრეტებს, ფიგურატიულ და აბსტრაქტულ კომპოზიციებს.

მისი პირველი პერსონალური გამოფენა 2010 წელს შედგა, ხოლო მისი ნამუშევრები 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ხელოვნების პროგრამის ფარგლებში, ოფენბახის შრიფტის მუზეუმში იყო გამოფენილი.

აღსანიშნავია, რომ ახალგარდა ქართველი მხატვრისა და კალიგრაფის ნამუშევრები, 2016 წელს, საჩუქრად რომის პაპ ფრანცისკეს გადაეცა. გიორგი სისაურს გაფორმებული აქვს შანელის მოდის სახლის მოსაწვევები და ღია ბარათები.