ბულგარეთიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 92 მოქალაქე დაბრუნდა
ბულგარეთიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 92 მოქალაქე დაბრუნდა

ბულგარეთიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 92 მოქალაქე დაბრუნდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანას.

დღეს, ჩარტერული რეისით, რომელიც განახორციელა ავიაკომპანია Myway Airlines-მა, ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან სამშობლოში გამოემგზავრა საქართველოს 92 მოქალაქე, მათ შორის საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლები, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, ჩარტერით გამომგზავრების საფასური ერთ მგზავრზე შეადგენდა 100 ევროს.

ბულგარეთიდან ჩარტერით ჩამოსული პირები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს სამშობლოში გაივლიან.

„ეს არის ბულგარეთიდან ჩვენი მოქალაქეების ორგანიზებულად გამომგზავრების მე-2 ეტაპი (დაახლოებით ორი კვირის წინ 90-მდე მოქალაქე სახმელეთო გზით დაბრუნდა სამშობლოში). დღევანდელი რეისის შესრულებამდე, საქართველოს საელჩომ ბულგარეთში დახმარება აღმოუჩინა საქართველოს 100-მდე მოქალაქეს (თავშესაფრის უზრუნველყოფით, მედიკამენტებით, საკვებითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით)“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.