ბულგარეთი მზადაა, შეაჩეროს რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტი უნგრეთსა და სლოვაკეთში
ბულგარეთი მზადაა, შეაჩეროს რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტი უნგრეთსა და სლოვაკეთში.
როგორც ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, ჟეჩო სტანკოვმა განაცხადა, ბულგარეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გეგმას, რომელიც 2027 წლისთვის რუსულ ბუნებრივ აირზე სრულად უარის თქმას ითვალისწინებს.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, სოფიას გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი ვეღარ შეძლებენ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვას, რადგანაც ბულგარეთზე გადის გაზსადენი „თურქული ნაკადი“, რომლის მეშვეობითაც ბუდაპეშტი და ბრატისლავა რუსეთიდან გაზს იღებენ.
„როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ბულგარეთი მოქმედებს ევროპული კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესაბამისად, რაც მოიცავს რუსულ ბუნებრივ აირზე ეტაპობრივად უარის თქმას 2027 წლის ბოლომდე“, – განაცხადა სტანკოვმა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ 2028 წლის პირველი იანვრიდან რუსული გაზის ევროპაში მიწოდება სრულად შეწყდება.
ამასთან ერთად, ბულგარეთის ენერგეტიკას მინისტრმა თქვა, რომ ბულგარეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს კოლეგებთან რეგიონში, რომლებიც ეხება ამერიკული გათხევადებული გაზის შესყიდვების ტენდერებში სავარაუდო ერთობლივ მონაწილეობასთან დაკავშირებით.
მანამდე, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, როსენ ჟელიაზკოვმა თქვა, რომ მისი ქვეყანა უერთდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას შეწყვიტოს რუსული გაზის გამოყენებისა და ტრანზიტის კონტრაქტები. ცნობისთვის, უნგრეთი და სლოვაკეთი ამ დრომდე საჭირო ბუნებრივი აირის 70%-ს რუსეთისაგან ყიდულობენ. ამ ქვეყნებში ვარაუდობენ, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმა მათ შიდა ბაზარზე ბუნებრივი აირისი გაძვირებას გამოიწვევს.