ბულგარეთი: ხშირი ნისლის გამო, ავტობანზე 50-მდე ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს – დაღუპულია 10-ზე მეტი ადამიანი, 50-ზე მეტი კი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი
ორი მასშტაბური, ჯაჭვური ავარია ათეულობით ავტომობილის მონაწილეობით, თრაკიის ავტომაგისტრალზე, კაბილესა და ზიმნიცის საგზაო კვანძებს შორის მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა.
„ეს ნათლად აჩვენებს, თუ რა შედეგამდე მივყავართ გზის მონიშვნების არარსებობას და მძღოლების დროული გაფრთხილების სისტემების უქონლობას… სრული დაუდევრობაა!“, – ზიმნიცთან მომხდარ მძიმე ავარიაზე ეს კომენტარი ევროპული სატრანსპორტო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა, დიანა რუსინოვამ გააკეთა.
ჯაჭვური ავარიის შესახებ ინფორმაცია პირველად დღეს დილით, დაახლოებით 7:10 საათზე გახდა ცნობილი. ავარია ბურგასის მიმართულებით, თრაკიის ავტომაგისტრალის 289-ე კილომეტრზე მოხდა, ცოტა ხნის შემდეგ კი სოფიას მიმართულებით მოძრავ ზოლში კიდევ ერთი, რიგით მეორე მძიმე შეჯახება დაფიქსირდა.
შეჯახების შედეგად 50-მდე ავტომობილი დაზიანდა – როგორც მსუბუქი ავტომობილები და მიკროავტობუსები, ასევე მძიმე სატვირთო მანქანები. სოციალურ ქსელებში ავარიის თვითმხილველთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, ზოგი კი სატვირთო მანქანებს შორის მოექცა და ბლოკირების გამო, გადაადგილება ვეღარ მოახერხა.
შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიციის, სამაშველო-სახანძრო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. დაშავებულთა ნაწილი სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების ჯგუფებს ყველა დაშავებულამდე მიღწევა უჭირთ. ზოგიერთი ადამიანი საკუთარ ავტომობილში იყო ჩარჩენილი, რაც იამბოლის რეგიონის გუბერნატორმა ბულგარეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებაში საუბრის დროსაც დაადასტურა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მძიმე შეჯახების შემდეგ რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
შინაგან საქმეთა მინისტრ ივან დემერჯიევის ბრძანებით, მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, მთავარი კომისარი ლუბომირ ნიკოლოვი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კალოიან კალოიანოვი.