ბუღრიძე მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - ქართველს ევროპალიგაზე მოხვედრის შანსი აქვს
ბუღრიძე მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - ქართველს ევროპალიგაზე მოხვედრის შანსი აქვს

ირაკლი ბუღრიძემ ბელგიის პირველი დივიზიონის ბეერსხროტის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

21 წლის ქართველმა თავადმსხმელმა ბელგიის ჩემპიონატში ევროპალიგის პლეიოფის მე–4 ტურში ეუპენთან  ითამაშა. მატჩი ბეერსხროტმა მოიგო. ბუღრიძემ 28-ე წუთზე ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, მცველი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და კართან გახსნილ დანტე ვანზეირს ზუსტი გადაცემა გაუკეთა. ბეერსხროტმა 61-ე წუთზე მეორეც გაიტანა და 2:0 გაიმარჯვა. ქართველი თავდამსხმელი მხოლოდ ამის შემდეგ, 71-ე წუთზე შეცვალეს. რაც მთავარია, გუნდის ოფიციალურმა გვერდმა ბუღრიძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.

ბუღრიძე ბელგიურ კლუბში 2019 წლის იანვარში საჩხერის ჩიხურადან გადავიდა. მას ბეერსხროტში თავიდან არ ათამაშებდნენ, მაგრამ ბოლო ორი შეხვედრაა, რაც თავის გამოჩენის შანსი მიეცა. სხვათა შორის, ბუღრიძის გუნდი ბელგიის რანგით მეორე დივიზიონში გამოდის, მაგრამ ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი გააჩნია.

საქმე ისაა, რომ ბელგიელებს ევროპაში ყველაზე არაორდინალური საჩემპიონატო რეგლამენტი აქვთ. რეგულარული სეზონის შემდეგ ჟუპილერლიგის (მთავარი) 6 საუკეთესო გუნდი საჩემპიონო ჯგუფში მოხვდება, სადაც ჩემპიონთა ლიგის ორი და ევროპის ლიგის ერთი საგზურისთვის იბრძვიან. მეოთხეადგილოსანიც, შესაძლოა, ევროპის ლიგის საგზურის მფლობელი გახდეს. ოღონდ, საამისოდ უნდა მოუგოს გუნდს, რომელიც შემდეგნაირად ირკვევა: ჟუპილერლიგის მეშვიდე-მეთხუთმეტე ადგილოსნები და ფირსტ დივიზიონის (პირველი ლიგა) 3 საუკეთესო ექვსგუნდიან ჯგუფებად იყოფა. ისინი ჯერ ჯგუფების გამარჯვებულებს არკვევენ, შემდეგ კი ამ მინი-ტურნირის საუკეთესოს, საჩემპიონო ჯგუფის მეოთხეადგილოსანს, ევროპის ლიგის საგზურისთვის სწორედ ეს გუნდი შეხვდება.

ბურღიძის გუნდი რეგულარულ სეზონში მეორე დივიზიონში პირველ ადგილზე გავიდა, ახლა კი ჟუპილერლიგაში გადასვლის შანსთან ერთად, ევროპის ლიგაზე გამოსვლის პერსპექტივაც გააჩნია. თუმცა ეს ჯერ თეორიული შანსია, რადგან ჯგუფში ბეერსხოტი მეოთხე ადგილზეა.