ბუფონი „რეალთან“ თამაშიდან მის გაძევებაზე - მე ეს უნდა გამეკეთებინა, თუნდაც ჩემი რეპუტაციის საზიანოდ
ბუფონი „რეალთან“ თამაშიდან მის გაძევებაზე - მე ეს უნდა გამეკეთებინა, თუნდაც ჩემი რეპუტაციის საზიანოდ

„იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა დუმილი დაარღვია და „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში (3:1) მის გაძევებაზე ვრცელი კომენტარი გაუკეთა. მეორე ტაიმის ბოლო წუთზე მატჩის არბიტრმა მაიკლ ოლივერმა 11-მეტრიანი მადრიდელთა სასარგებლოდ დანიშნა. ბუფონმა ამ გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილება მკვეთრი ფორმით გამოხატა და ამისთვის, წითელი ბარათი მიიღო. შეცვლაზე შესულმა ვოიცეხ შჩესნიმ პენალტი ვერ მოიგერია და „რეალმა“ ორი მატჩის ჯამში (3:0, 1:3) „იუვენტუსი“ დაამარცხა.

„არ მჭირდება არაფრის შეთხზვა. მე ვარ ადამიანი, რომელიც მთელ თავის ვნებას, ხასიათსა და მრისხანებას აქსოვს იმაში, რასაც აკეთებს. ადამიანი ხანდახან ამბობს იმას, რაც, ერთი შეხედვით, ზედმეტი და მიუღებელია. მაგრამ, მე – ჯანლუიჯი ბუფონი ასეთი ვარ. მსგავს მომენტებში გამოვხატავ გრძნობებსა და ემოციებს, რომელიც ძალიან ძლიერია, ხანდახან კი ძალიან უხეში. მაგრამ, ეს არის ემოციები ადამიანისა, რომელიც პირფერობის ნიღაბს არ არის ამოფარებული და აჩვენებს იმას, რაც მის შიგნით ხდება.

ადამიანს, რომელიც ისევე ცხოვრობს სპორტში, როგორც მე, არ შეიძლება, მოთხოვო იყოს გაწონასწორებული. დიახ, მე გამოვხატავდი ჩემს გრძნობს ექსპრესიული ფორმით, მაგრამ ეს ლოგიკური იყო.

ყოველ ჯერზე ასე მოვიქცეოდი. შესაძლოა, სხვა სიტყვებით და უფრო კულტურულად, მაგრამ შინაარსი იგივე იქნებოდა.

ვიყავი ექსპრესიული, მაგრამ ვთქვი ის, რასაც ვფიქრობდი – რომ მას არ უნდა დაედო ასეთი პენალტი. დიდი გამოცდილების მქონე არბიტრმა არ უნდა მისცეს სასტვენი და არ უნდა გახდეს მატჩის მთავარი გმირი. ის გააგრძელებდა თამაშს და ორ გუნდს დამატებით დროში ბრძოლის შესაძლებლობას მისცემდა.

დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ოლივერს წარმატებული კარიერა ექნება, მაგრამ ის ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის, რომ ამგვარი მატჩი იმსაჯოს. ის აღმოჩნდა სიტუაციაში, რომელიც ძალიან რთული, ძალიან ჩახლართული და ძალიან დიდი იყო მისთვის.

მე არ ვარ გაბრაზებული ოლივერზე. არ ჩამიდია ბოროტება გულში. მაგრამ, იმ მომენტში თავს მოტყუებულად ვგრძნობდი. არა შედეგის, არამედ იმ საღამოს გამო. ეს იყო საღამო, რომელსაც ვერავინ გაიმეორებს.
ჩვენ შეგვეძლო, დაუვიწყარი ისტორია დაგვეწერა „იუვესა“ და იტალიური ფეხბურთისთვის. წინა დღით „რომას“ გამარჯვებასთან ერთად, ეს რაღაც დაუჯერებელი მოვლენა იქნებოდა. როგორც იტალიელს, მართლა მინდოდა წარმატება იტალიური ფეხბურთისთვის.

უფრო მნიშვნელოვანი მატჩებიც წამიგია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვითარდებოდა აღნიშნული მატჩი, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და დაძაბული შეხვედრა, რაც კი „იუვეს“ თავის ისტორიაში ჩაუტარებია. ვფიქრობ, იგივე შეიძლება ითქვას ჩემს თანაგუნდელებთან მიმართებაში.

სხვადასხვა რაკურსით მოცემული კადრებიც კი ღიად ტოვებს საკითხს – იმსახურებდა თუ არა მეჰდი ბენატიას შეხება პენალტს. ეს არ იყო ისეთი სიტუაცია, რომლის დროსაც დარწმუნებით იტყოდი, რომ ეს ჯარიმაა. არ ვამბობ, რომ ეს არ იყო პენალტი, ვამბობ, რომ სიტუაცია იყო საკამათო. ასე თამაშში, 20 წამით ადრე, საეჭვო ეპიზოდში, გამოცდილი მსაჯი სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა.

იმის უფლება მაინც მომეცით, რომ ექსპრესიული მანერით დავიცვა ჩემი თანაგუნდელები და მადრიდში ჩასული 5 ათასი ფანი. მე უნდა დავიცვა ისინი, რადგან ასე ვგრძნობ სიტუაციას. უნდა გავაკეთო ეს, თუნდაც ამან აზარალოს ჩემი რეპუტაცია“, – ​ბუფონის სიტყვებს აქვეყნებს Football Italia.