ბუენოს-აირესში მსოფლიო ლიდერები „დიდი ოცეულის“ სამიტზე იკრიბებიან. არგენტინის დედაქალაქში უკვე ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც სამიტის ფარგლებში ჩინეთის ლიდერთან, სი ძინინთან ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს. ეს აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის დაწყების შემდეგ, ტრამპისა და სის პირველი შეხვედრა იქნება.
არგენტინაში დაგეგმილი იყო დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაც, თუმცა ბუენოს-აირესში გამგზავრებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერთან შეხვედრა გააუქმა და ამის მიზეზად ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი დაასახელა, რომლის დროსაც რუსულმა მხარემ უკრაინული ხომალდები და უკრაინელი მეზღვაურები დააკავა.
„იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ გემები და მეზღვაურები რუსეთიდან უკრაინაში არ დაბრუნებულან, მე გადავწყვიტე, რომ ყველა მხარისთვის კარგი იქნება არგენტინაში, პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან უკვე დაგეგმილი შეხვედრა გავაუქმო“, – დაწერა ტრამპმა „ტვიტერში“.
ბუენოს-აირესში ასევე ელოდებიან საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს პრინც მუჰამედ ბინ სალმანს. სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ, მისი ვიზიტი არგენტინაში მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა.
აღსანიშნავია, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტის გახსნას სავარაუდოდ ვერ დაესწრება გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომლის თვითმფრინავსაც ტექნიკური გაუმართაობის გამო უკან დაბრუნება და კიოლნში ავარიულად დაშვება მოუწია