ბუენოს აირესში დიდი ოცეულის სამიტი გაიხსნა
ბუენოს აირესში დიდი ოცეულის სამიტი გაიხსნა

ბუენოს აირესში დიდი ოცეულის სამიტი გაიხსნა. უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მეთაურებს არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი მასპინძლობს. წლევანდელი სამიტის სლოგანია სამართლიანი და მდგრადი განვითარება.

სამიტზე ბოლო გამოცხადდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. აღსანიშნავია, რომ გახსნის ცერემონიალს ვერ დაესწრო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომლის თვითმფრინავიც კიოლნის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ანგელა მერკელი არგენტინაში შაბათს ჩავა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ვერ შედგა დღეს დაგეგმილი კანცლერისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა.

კიდევ ერთი გაუქმებული შეხვედრა დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებია, რომელიც ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების ფონზე, ვაშინგტონმა გააუქმა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ლიდერები ერთმანეთს დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გაესაუბრებიან.

დიდი ოცეულის სამიტის მთავარი თემა სავაჭრო ურთიერთობები, ციფრული ეკონომიკა, კლიმატური ცვლილებები, მდგრადი განვითარება და გენდერული თანასწორობა იქნება, რომლის შემდეგაც ლიდერები შემაჯამებელ კომუნიკეს გამოაქვეყნებენ.

დიდი ოცეულის სამიტი ტრადიციულად საპროტესტო აქციების ფონზე გაიხსნა. სამართალდამცველებმა დემონსრტანტების მახლობლად დამწვარ ავტომობილში რვა ერთეული ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი აღმოაჩინეს.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები დედაქალაქში. სამიტის ჩატარების ადგილიდან 5 კმ-ის რადიუსში პოლიციას კორდონი აქვს აღმართული.