„ბუდუჩნოსტმა“ ევროლიგაზე ესპანური „გრან კანარია“ დაამარცხა - ბითაძე საუკეთესოა
საკალათბურთო ევროლიგის მე-20 ტურში „ბუდუჩნოსტმა“ ესპანურ „გრან კანარიას“ უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა.
საგულისხმოა, რომ ქართველი ცენტრის გუნდმა პირველი ტაიმი მცირე სხვაობით დათმო (36:38). გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც მონტენეგროულმა კლუბმა ექვს ქულიანი უპირატესობით – 25:19 მოიგო და წინ გავიდა. შეხვედრის დასკვნით პერიოდში მაყურებელმა თანაბარი თამაში იხილა, თუმცა „ბუდუჩნოსტმა“ უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა და საბოლოო ჯამში 75:70 იმარჯვა.
კვლავ გამორჩეული იყო გოგა ბითაძე, რომელმაც 16 ქულას, შვიდ მოხსნას, ორ შედეგიან გადაცემას და სამ დაფარებას მოუყარა თავი. ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა. მის კლუბში კარგად ითამაშა ნორის კოულმაც, რომელმაც 20 ქულა და ხუთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. „გრან კანარიას“ შემადგენლობაში კი ყველაზე მეტი 16 ქულა ვენე სიმ სანდერმა დააგროვა.
20 ტურის შემდეგ „ბუდუჩნოსტს“ ექვსი გამარჯვება და 14 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა – მე-15 ადგილზე იმყოფება.
ევროლიგაზე კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. „ხიმკიმ“ საკუთარ არენაზე „ბაიერნთან“ 60-71 წააგო. „დარუშაფაკამ“ კი თორნიკე შენგელიას გარეშე მოასპარეზე ბასკოანიას 80-75 მოუგო.