ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა - „ფეჰერვარი“ ჩემპიონატის ლიდერია [ვიდეო]
ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა - „ფეჰერვარი“ ჩემპიონატის ლიდერია [ვიდეო]

ბუდუ ზივზივაძემ თავის ახალ კლუბში, „ფეჰერვარში“ სადებიუტო გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი დამაჯერებლად გაიმარჯვა.

უნგრეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ქართველი თავდამსხმელის გუნდმა „ფეჰერვარმა“ საკუთარ არენაზე „პუშკაშის აკადემიას“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ბუდუ ზივზივაძე მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა ნემანია ნიკოლიჩის ნაცვლად, რომელმაც პირველი გოლი გაიტანა. 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 90-ე წუთზე საჯარიმოში მცველთან ბრძოლა მოუგო და შემოტრიალებულმა ზუსტად დაარტყა, რაც მისთვის ახალ კლუბში პირველი გოლი იყო.


ამ გოლით ზივზივაძემ მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა და ირიბად პასუხი გასცა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს, რომელიც მას ეროვნულ გუნდში არ იძახებს, რადგან ჯერ ახალ კლუბშიც არ გაუტანიაო.

საბოლოოდ, „ფეჰერვარმა“ ანგარიშით 3:1 მოიგო და ოთხი ტურის შემდეგ, რვა ქულით უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერია, მეორე-მესამე ადგილზე კი მოქმედი ჩემპიონი, ლაშა დვალის „ფერენცვაროში“ და ზივზივაძის ყოფილი კლუბი „მეზოკოვეშდი“ არიან.

დატოვე კომენტარი