ბუდუ ზივზივაძე - სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, თუმცა ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე - სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, თუმცა ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ბუნდესლიგის „ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ კომენტარი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთთან და თურქეთთან მოახლოებულ თამაშებზე.

„ორი რთული გასვლითი შეხვედრა გველის. სამწუხაროდ, წითელი ბარათის გამო ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, თუმცა ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდები ვარჯიშებს, განსაკუთრებით, როდესაც ვიცი, რომ ახლო მომავალში სანაკრებო პაუზაა.

დიდი ხანია, ასეთი ხანგრძლივი შეკრება არ გვქონია. რამდენიმე დღე გვაქვს პირველ შეხვედრამდე, რაც თამაშის დასაგეგმად გამოგვადგება. შეკრება ნაყოფიერად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ყველა ასი პროცენტით დავიხარჯებით, რომ საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.

საქართველოს ნაკრები ოქტომბრის მატჩებისთვის ესპანეთში სრული შემადგენლობით ემზადება. „ჯვაროსნები“ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 11 ოქტომბერს ესპანეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო 14 ოქტომბერს – თურქეთს ესტუმრებიან.