ბუდაპეშტის პოლიცია უნგრეთის დედაქალაქის მერს პრაიდის აღლუმის ორგანიზების გამო დაკითხავს
პოლიციამ უნგრეთის დედაქალაქის ოპოზიციონერი მერი გერგელი კარაჩონი გამოკითხვაზე დაიბარა. ის ბუდაპეშტის 30-ე პრაიდის აღლუმის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი, რომლის ჩატარება ოფიციალურად იყო აკრძალული.
ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „ფრანს პრესს“ კარაჩონის ოფისმა ხუთშაბათს, 24 ივლისს აცნობა.
„აღლუმმა, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართა, რეკორდული რაოდენობის ხალხი მიიზიდა. ორგანიზატორების შეფასებით, მასში 200 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. LGBTQ თემზე ზეწოლის შემდეგ, რასაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი წლების განმავლობაში, „ბავშვთა დაცვის“ მოტივით ხსნიდა, ეს მსვლელობა ერთგვარ ამოსუნთქვად იქცა. უნგრეთის ნაციონალისტმა ლიდერმა თებერვალში პრაიდის მარშის აკრძალვის შესახებ გააკეთა განცხადება, მისმა მმართველმა კოალიციამ კი კანონსა და კონსტიტუციაში შეიტანა დებულებები, რომლებიც ყოველწლიური აღლუმის აკრძალვას ისახავს მიზნად“.
ღონისძიების თანაორგანიზებაში ბუდაპეშტის მერია ჩაერია, რათა ახლახან მიღებული რეგულაციებისთვის აევლო გვერდი, მაგრამ მარშის ჩატარებას პოლიციამ მაინც ვეტო დაადო, ხოლო ორბანმა ორგანიზატორები და მონაწილეები „სამართლებრივი შედეგების“ შესახებ გააფრთხილა.
„მერი, როგორც ეჭვმიტანილი, საგამოძიებო ორგანოში გამოიძახეს და მას მომავალ კვირას გამოკითხავენ“, – განუცხადა მერიის წარმომადგენელმა „ფრანს პრესს“.
ამ საქმესთან დაკავშირებით ფრანგული სააგენტოს მიერ დასმულ შეკითხვებზე პოლიციას ჯერ არ უპასუხია. აკრძალული აქციის ორგანიზების გამო მათ უკვე დაიწყეს გამოძიება „უცნობი დამნაშავის“ წინააღმდეგ. ისინი ოფიციალური ბრალის წაყენებას თუ გადაწყვეტენ, კარაჩონის ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„მე გავხდი ეჭვმიტანილი და ეს თუ არის ფასი, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ ამ ქვეყანაში საკუთარი და სხვების თავისუფლების დასაცავად, მაშინ მე ამით ამაყი ვარ“, – დაწერა გარემოსდამცველმა მერმა „ფეისბუქზე“.
მანამდე ორბანმა ბუდაპეშტის 30-ე პრაიდ-მარში „სირცხვილად“ შეაფასა. მისმა მთავრობამ ოპოზიცია ღონისძიების „ბრიუსელის ბრძანებით“ დადგმაში დაადანაშაულა, რომელიც უნგრეთისთვის „ვოუქის კულტურის“ თავს მოხვევას ცდილობს. ივლისის დასაწყისში პოლიციამ გამოაცხადა, რომ ისინი არ მიიღებდნენ ზომებს აღლუმის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებსაც პრაიდში მონაწილეობისთვის 500 ევრომდე (590 აშშ დოლარი) ჯარიმა ემუქრებათ.