ბრიუსელში შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს აქტივობების გაძლიერებასა და ამ პროცესში საქართველოს ჩართულობის გაზრდაზე იმსჯელეს
ბრიუსელში შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს აქტივობების გაძლიერებასა და ამ პროცესში საქართველოს ჩართულობის გაზრდაზე იმსჯელეს

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, სადაც გენერალური შტაბების უფროსების დონეზე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

საქართველოსთან თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო კომიტეტის შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო. მისი განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა, 2017 წლის განმავლობაში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის აქტიური ჩართულობით გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომების მთელი ციკლის ლოგიკური და რაციონალური გაგრძელება იყო.

შეხვედრა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა გახსნა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და გამოწვევები, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები გააცნო. ნატო-ს მხარემ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და ნატო-სთან ურთიერთავსებადობის მაღალი დონე დადებითად შეაფასა. სხდომაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაზე, ალიანსის აქტივობების გაძლიერებასა და ამ პროცესში საქართველოს ჩართულობის გაზრდაზეც იმსჯელეს.

ალიანსის წარმომადგენლებმა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს და ქართველი ჯარისკაცების მაღალი პროფესიონალიზმი და თავდადება ხაზგასმით აღნიშნეს.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2018 წელს, ავღანეთში, ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობას არსებული რაოდენობით კვლავ გააგრძელებს.

ნატო-სთან თანამშრომლობის კუთხით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები წელს, ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე განიხილება.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ბრიუსელში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შტაბების უფროსების დონეზე პარტნიორ ქვეყნებთან „ნატო-ს საერთაშორისო სტაბილურობის განმტკიცებისა“ და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში გამართულ სამხედრო კომიტეტის პლენარულ სხდომებსაც დაესწრო.

დატოვე კომენტარი