ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომა მიმდინარეობს [ფოტო, ვიდეო]

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომა მიმდინარეობს. სხდომაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ბელგიის დედაქალაქში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 17 მარტს მაღალი დონის შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატო-ში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატო-ს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა უკვე გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდა ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროსს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე.

პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ბრიუსელში იმყოფება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.