ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება
ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს, ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნატო-ს გენერალური მდივანი მედიისთვის კომენტარს გააკეთებს.

თბილისის დროით 12:00 საათზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც იენს სტოლტენბერგი წარუძღვება. ღონისძიებას ალიანსის 29 წევრი ქვეყნის დიპლომატები დაესწრებიან.

სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა. მიხეილ ჯანელიძე ქვეყანაში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრებს, ევროინტეგრაციის გზაზე, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციასა და უსაფრთხოების საკითხებზე.

სხდომა მედიისთვის დახურული იქნება. ჟურნალისტები მხოლოდ გენერალური მდივნის შესავალ სიტყვას დაესწრებიან.

ნატო-საქართველოს კომისიაზე განხილულ საკითხებს იენს სტოლტენბერგი მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე შეაჯამებს.

ბრიუსელში მყოფი მიხეილ ჯანელიძე შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთანაც გამართავს. ტილერსონი მინისტერიალს ესწრება, რომელიც დღეს გაგრძელდება.