ბრიუსელში ნატო-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.
ამასთან, სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი.
ბრიუსელის სამიტის დასკვნით დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭო სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების დონეზე საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდება.
სამმხრივ შეხვედრაზე პირველი მისასალმებელი სიტყვით ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოვა. გენერალური მდივნის შემდეგ, მედიისთვის შეხვედრა დაიხურება. შეხვედრაზე განხილულ თემებსა და შედეგებზე ინფორმაციას ნატო-ს გენერალური მდივანი ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე მიაწვდის.
12 ივლისს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრამდე, გაიმართება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან. დაგეგმილია იენს სტოლტენბერგისა და გიორგი მარგველაშვილის ერთობლივი განცხადებები.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მიიღებს.