ბრიუსელში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეების აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
ბრიუსელში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეების აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
ბელგიის დედაქალაქში შეკრებილი 50 000-მდე დემონსტრანტი ე.წ. ჯანმრთელობის საშვებს, აცრებსა და პანდემიის შეზღუდვებს აპროტესტებდა.
ადგილზე მისულმა პოლიციის სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს ხმის გამაძლიერებლების გამოყენებით აცნობა, რომ აქცია უნდა დასრულებულიყო, თუმცა დემონსტრანტებმა სამართალდამცველების მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადეს.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის შენობა დააზიანეს.
ბელგიაში რესტორნებში შესასვლელად ან კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად სავალდებულოა ე.წ. ჯანმრთელობის საშვის წარდგენა, რაც ამტკიცებს, რომ მოქალაქე აცრილია ან ტესტირება აქვს ჩატარებული.