ბრიუსელში ევროკომისიის მიერ შექმნილმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო, რომელიც ინტერნეტში ყალბ ახალ ამბებს გამოავლენს
ბრიუსელში ევროკომისიის მიერ შექმნილმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო, რომელიც ინტერნეტში ყალბ ახალ ამბებს გამოავლენს

ბრიუსელში მუშაობა დაიწყო ევროკომისიის მიერ შექმნილმა ჯგუფმა, რომელიც ინტერნეტში ყალბ ახალ ამბებს გამოავლენს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისია ავრცელებს.

როგორც ევროკომისარმა ციფრული პოლიტიკის საკითხებში მარია გაბრიელმა განაცხადა, აუცილებელია მექანიზმების შემუშავება, რომლებიც არასარწმუნო ინფორმაციას გამოავლენს და ყალბი ამბების გავრცელებას შეზღუდავს.

მისი თქმით, დეზინფორმაციის გავრცელება აზიანებს დემოკრატიას და ნეგატიურად აისახება მედიის რეპუტაციაზე.

მარია გაბრიელმა აღნიშნა, რომ ამავე დროს, ხელშეუხებელი უნდა დარჩეს აზრის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება.

მისი განცხადებით, არავინ აპირებს, აიძულოს ვინმე, დაუჯეროს ამა თუ იმ ინფორმაციას.

ექსპერტთა ჯგუფი 40 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არიან სოციალური ქსელების სპეციალისტები, ჟურნალისტები, მეცნიერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ჯგუფს ჰოლანდიელი იურისტი მადელ დე კოკ ბუნინგი ხელმძღვანელობს. უახლოეს კვირებში ექსპერტები შეიმუშავებენ ინიციატივებს, რომლებიც ევროკომისიის მომდევნო ქმედებებს დაუდებენ საფუძველს.