ბრიუსელში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე გაიმართება
ბრიუსელში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე გაიმართება

ბრიუსელში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე გაიმართება.

სხდომაზე დასასწრებად ბელგიაში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც ნატოელ პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს გააცნობს.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თბილისის დროით 18:15 საათზე ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება. სხდომისა და განსახილველი თემების შესახებ იენს სტოლტენბერგს პირველი არხის ჟურნალისტი ესაუბრა.

„ჩვენ განვიხილავთ საქართველოსთან პარტნიორობას. ნატო-ს ყველა წევრს მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას, თუ სად ვიმყოფებით. ნატო-ს წევრი ქვეყნები განაგრძობენ წვლილის შეტანას სხვადასხვა პროგრამაში, რასაც ჩვენ საქართველოსთან ერთად ვაკეთებთ. განსაკუთრებით ეს ეხება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს, ერთობლივ წვრთნებს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველო რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორად, განსაკუთრებით ავღანეთში.

„ჩვენ ასევე განვიხილავთ გამოწვევებს, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში გვაქვს. ვხედავთ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდას რეგიონში, განსაკუთრებით ყირიმში. ვიმსჯელებთ, როგორ უნდა ვიმუშაოთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. ეს არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვიმსჯელეთ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე“, – განაცხადა ნატო-ს გენმდივანმა.

გარდა ამისა, პირველი არხი ესაუბრა ნატო-ს გენმდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაის, რომელმაც განაცხადა, რომ ალიანსს საქართველოსთან ერთად მეტის გაკეთება სურს. მან ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებზე, რომლებიც მომავალ წელს ნატო-ს წევრი ქვეყნების დიდი ჩართულობით ჩატარდება.