ბრიუსელში დანით შეიარაღებული პირი სამართალდამცველებს თავს დაესხა, მოკლულია ერთი პოლიციელი
ბრიუსელში დანით შეიარაღებული პირი სამართალდამცველებს თავს დაესხა, მოკლულია ერთი პოლიციელი

ბრიუსელში დანით შეიარაღებული პირი პოლიციელებს თავს დაესხა. მოკლულია ერთი პოლიციელი, კიდევ ერთი კი, დაშავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

შემთხვევა ბრიუსელის რკინიგზის ჩრდილოეთ სადგურთან მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე ცეცხლი გაუხსნა, ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

თავდამსხმელის მოქმედების მოტივი უცნობია. გამოძიებას ანტიტერორისტული უწყება აწარმოებს.

„ჩვენ ჩავიბარეთ ეს საქმე, რადგან არსებობს ტერორისტული მოტივის ეჭვი, რასაც გამოძიება დაადასტურებს ან უარყოფს“, – განაცხადა უწყების პრესსპიკერმა, ერიკ ვან დუისმა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ მოკლული ოფიცრის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა, დაჭრილ სამართალდამცველს კი გამოჯანმრთელება უსურვა.

„ჩვენი პოლიციის ოფიცრები ყოველდღიურად საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყონ. დღევანდელი ტრაგედია ამას კიდევ ერთხელ აჩვენებს“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა „ტვიტერში“.