ბრიუსელში ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა
ბრიუსელში ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა, დმიტრო კულებამ და ნიკუ პოპესკუმ შეხვედრაზე მიმოიხილეს ასოცირებული ტრიოს სამომავლო გეგმები, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გათვალისწინებით და ხაზი გაუსვეს სამიტზე ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროპული მისწრაფების აღიარების და პრინციპის მეტი-მეტისთვის გათვალისწინების მნიშვნელობას.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატების გააქტიურების, ასევე ევროკავშირთან მეტი დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების და ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით მჭიდრო კოორდინაციის საკითხებზე.

ასევე, საუბარი შეეხო კონკრეტულ ნაბიჯებს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სრული ინტეგრაციის ხელშეწყობის ასევე ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს შორის დიალოგის შემდგომ განვითარებას, ისეთი პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მწვანე ეკონომიკა, სტრატეგიული კომუნიკაციები და სხვა.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ხაზი გაესვა ტრიოს ფარგლებში მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ორგანიზების მნიშვნელობას.