31 იანვარს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. შეხვედრა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ელჩების დონეზე შედგება და მასში მონაწილეობას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი იქნება უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე, საქართველოში გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობაზე.
ნატო-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში 2018 წელს ივლისში დაგეგმილი სამიტისთვის მზადება დაწყებულია. ასპირანტი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს ალიანსის წევრი სახელმწიფოები აპრილში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შეაფასებენ.
ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე აცხადებს, რომ ალიანსთან პოლიტიკური დიალოგისთვის და პრაქტიკული თანამშრომლობისთვის ყველა მექანიზმი აქვს.
„ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ მაქსიმუმს აღნიშნული მექანიზმების ეფექტიანად გამოსაყენებლად. იანვრის ბოლოს დაგეგმილია ელჩების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. ასე რომ, ჩვენ წელს ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით და ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ შესაბამისად მოვემზადოთ ივლისში დაგეგმილი სამიტისთვის.
ვაგრძელებთ მუშაობას და ვქმნით მყარ საფუძველს, რათა საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები, ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმები იყოს ადეკვატურად შეფასებული ალიანსის მხრიდან“, – განაცხადა ბრიუსელში პირველ არხთან საუბრისას ალექსანდრე მაისურაძემ.