ბრიუსელის აეროპორტი დროებით დაიკეტა
ბრიუსელის აეროპორტი დროებით დაიკეტა

ბრიუსელის აეროპორტი დროებით დაიკეტა. როგორც აეროპორტის ადმინისტრაციის სპიკერი აცხადებს, სავარაუდოდ აეროპორტი მუშაობას ადგილობრივი დროით 19:00 საათზე განაახლებს.

აეროპორტის დაკეტვისა და 90-მდე რეისის გაუქმების მიზეზად ბრიუსელის ზავენტემის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობას ასახელებენ.

ბელგიის დედაქალაქში დილიდან გადაუღებლად თოვს და კვირის განმავლობაში უხვი ნალექია მოსალოდნელი.

დღეს მგზავრებმა ელექტრონული ფოსტით შეტყობინება მიიღეს. მათ ადმინისტრაცია მომხდართან დაკავშირებით აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ რეისის სტატუსის გადამოწმების გარეშე, აეროპორტში გამგზავრებაზე უარი თქვან.

აეროპორტში ხალხმრავლობის გამო უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ავიაკომპანიებმა ჯერ არ იციან, თუ როდის შეძლებენ რეისების შესრულებას. ბელგიის აეროპორტი ყოველწლიურად 25 მილიონ მგზავრს ემსახურება.