British Airways-ის წარმომადგენლები ავიარეისების დაწყებამდე ბოლო ტექნიკური დეტალები დასაზუსტებლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ
ლონდონის მიმართულებით ფრენების დაწყებამდე ცოტა დრო რჩება და British Airways-ის წარმომადგენლები ბოლო ტექნიკური დეტალების დასაზუსტებლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მათ სხვადასხვა შეხვედრა გამართეს და ადგილზე გაეცნენ თბილისის აეროპორტის სერვისებს.
„British Airways-ის წარმომადგენლები შეხვდნენ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, „ტავ ჯორჯიის“ წარმომადგენლებს. მათ გაცვალეს ინფორმაცია და მოთხოვნები საოპერაციო და სახმელეთო მომსახურების ნაწილში. ასევე, გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი ავიაკომპანიის თანამშრომლებს „ტავ ჯორჯიის“ წარმომადგენლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რეგისტრაციისა და საპასპორტო კონტროლის ზონები, გასასვლელები და პრაიმკლას დარბაზი დაათვალიერებინეს.
British Airways-ი თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით ფრენებს 31 მარტიდან იწყებს. პირდაპირი რეგულარული ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ჰითროუს აეროპორტს შორის კვირაში ოთხჯერ შესრულდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.