British Airways და Air France ირანის მიმართულებით ფრენებს აუქმებენ
British Airways და Air France ირანის მიმართულებით ფრენებს აუქმებენ

British Airways და Air France ირანის მიმართულებით ფრენებს აუქმებენ. ამის სესახებ თავად ავიაკომპანიებში ოფიციალურად განაცხადეს.

ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქში ფრენები 18 სექტემბრის შემდეგ შეწყდება. ბრიტანულ და ფრანგულ ავიაკომპანიებში ფრენების გაუქმების მიზეზად კომერციულად არახელსაყრელი გარემო დაასახელეს.

British Airways-ის აღნიშნული რეისი 2015 წელს, ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შემდეგ განახლდა. სწორედ ამ პერიოდში, ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ არსებული სანქციების დიდი ნაწილი გაუქმდა.

რამდენიმე თვის წინ კი, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატები ისტორიულ შეთანხმებას გამოეთიშა და გაუქმებული სანქციები აამოქმედა. მას შემდეგ თეთრი სახლის ლიდერი იმავეს გაკეთებისკენ სხვა წევრ სახელმწიფოებსაც მოუწოდებს. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არა ერთხელ განაცხადა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი იმ კომპანიებს, რომლებიც ირანთან თანამშრომლობენ, სანქციებს დაუწესებს.

რამდენიმე დღის წინ, ირანის ბაზრის დატოვების შესახებ განაცხადა ენერგეტიკულმა კომპანიამ Total-მაც. ფრანგულმა უმსხვილესმა კომპანიამ 4,1 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტს, რომელიც ირანში სრულდებოდა, ზედმეტად საშიში უწოდა. მიზეზად კომპანიაში აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესების საფრთხე დაასახელეს.