ბრიტანული მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი „მეოთხე არხის“ გაყიდვას გეგმავს
ბრიტანული მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი „მეოთხე არხის“ გაყიდვას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი „მეოთხე არხის“ (Channel 4) გაყიდვას გეგმავს. ინფორმაციას ბრიტანული მედია დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრივატიზება შესანიშნავი იდეაა.

აღნიშნული ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს ოფისსა და „მეოთხე არხს“ შორის საარჩევნო კამპანიის გაშუქებასთან დაკავშირებით უთანხმოების ფონზე გავრცელდა.

ბრიტანული მედიის თანახმად, როგორც ჩანს, ბორის ჯონსონმა მაუწყებელს ბოიკოტი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, დოროთი ბირნმა გასული წლის აგვისტოში მას „მატყუარა“ უწოდა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა დაგეგმილი ინტერვიუ გააუქმა და ნოემბერში კლიმატურ ცვლილებებზე ლიდერების დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შემდეგ სტუდიაში, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, ყინულის სკულპტურა განათავსეს.

ზემოთ ჩამოთვლილის შემდეგ, კონსერვატიულმა პარტიამ დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოში ოფიციალური საჩივარი შეიტანა. პარტიის წარმომადგენელთა მტკიცებით, მაუწყებელი ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერთან, ჯერემი კორბინთან შეთქმულებას აწყობდა.

„მეოთხე არხის“ შესაძლო პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, გაერთიანებულ სამეფოში აქტუალური გახდა საკითხი, უნდა დარჩეს თუ არა სამაუწყებლო ლიცენზიის გადასახადის გადაუხდელობა კანონდარღვევად. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, თუ მოქალაქე ტელევიზიას ლიცენზიის გარეშე უყურებს, მას შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს. კულტურის მდივანმა, ნიკი მორგანმა აღნიშნული წესის გადახედვა არ გამორიცხა.