ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში კატარის, თურქეთის და სხვა ქვეყნების შესაძლო ჩარევის გამოძიებაში საგარეო დაზვერვის სამსახური ჩაერთვება

19:54, 30.10.2026

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში კატარის, თურქეთის და სხვა ქვეყნების შესაძლო ჩარევის გამოძიებაში ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახური ჩაერთვება.

ისრაელის „მე-12 არხის“ ინფორმაციით, რომლის წყაროც არ სახელდება, სადაზვერვო სამსახური უსაფრთხოების სამსახურ „შინ ბეთთან“ ერთად იკვლევს უცხოური ჩარევის სავარაუდო ფაქტებს; არსებობს ეჭვი, რომ ეს ჩარევა მომდინარეობს არა მხოლოდ კატარიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც.

ბრალდებები უკავშირდება არაბი ამომრჩევლებისთვის თანხის გადახდის მცდელობას, რაც, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა სამშაბათს საარჩევნო უბნებზე მათი აქტივობის გაზრდას. ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არაერთხელ განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლები შეზღუდულია და არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ არ დგას.

დოჰამ და ანკარამ უარყვეს ყველა ბრალდება, რომ ისინი კენჭისყრაზე გავლენის მცდელობაში მონაწილეობდნენ.

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიიის საბოლოო შედეგებით, პირველ ადგილზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ გავიდა 27 მანდატით. ნეთანიაჰუსა და მის მოკავშირე პარტიებს 120 ადგილიან პარლამენტში, ჯამში, 53 მანდატი აქვთ, მისი მოწინააღდეგე პარტიების კოალიციას  – 48 მანდატი, არაბულ პარტიებს კი  – 19 მანდატი. მთავრობის ფორმირებისთვის 61 მანდატია საჭირო. საბოლოო ოფიციალური შედეგები, შესაძლო შეცდომების გადამოწმებისა თუ შესაბამისი მოკვლევების დასრულების შემდეგ, 4 ნოემბერს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს წარედგინება. ქნესეთის წევრთა ფიცის დადების ცერემონია 10 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი.

მსგავსი