ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს აქვეყნებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიების ციკლს აქვეყნებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მიმართულებად არის მიჩნეული.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, British Airways-თან თანამშრომლობით, დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტულ ონლაინ გამოცემაში Telegraph.co.uk საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელი სარეკლამო-საინფორმაციო სტატიების სერია გამოქვეყნდა.
სტატიაში – „როგორ ისიამოვნოთ აქტიური დასვენებით საქართველოში“ აღნიშნულია, რომ „შთამბეჭდავი ლანდშაფტების მრავალფეროვნება, შავი ზღვის სანაპიროს სასიამოვნო პლაჟები, ხშირი ტყეები, ხეობები, კავკასიონის მწვერვალები – ეს ყველაფერი საქართველოს აქტიური დასვენების შესანიშნავ სივრცედ აქცევს, სადაც მსოფლიო დონის ჰაიკინგთან ერთად ხელმისაწვდომია ველოსპორტი, რაფტინგი და სათხილამურო სპორტი“.
ამასთან, სტატია – „როგორ აღმოვაჩინოთ ევროპის ყველაზე გამორჩეული დედაქალაქი“ ბრიტანელ მოგზაურებს თბილისში მოკლევადიანი ტურების დაგეგმვის რეკომენდაციებს სთავაზობს.
„თბილისი ეს არის ძველისა და თანამედროვეს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმზიდველი ნაზავი, სადაც შუა საუკუნეების მდუმარე ტაძრები თანამედროვე არქიტექტურულ საოცრებებს ეჯიბრებიან“, – წერს „ტელეგრაფი“ და აღნიშნავს, რომ British Airways-ის პირდაპირმა ფრენებმა საქართველოს კონტრასტებით გამორჩეულ დედაქალაქში ასეთი ხანმოკლე ვიზიტები განსაკუთრებით მიმზიდველი გახადა.
სტატია „კულინარიული მიმართულება, რომლის დაგემოვნებაც მოგინდებათ“ ყურადღება გამახვილებულია ქართულ გასტრონომიაზე, ქვევრის ღვინის 8 000-წლიან კულტურაზე, ტრადიციულ კერძებსა (ხაჭაპური, ხინკალი, ფხალი, ტყემალი) და სუფრის ფენომენზე.
„ქართული კულინარია საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზადაა მიჩნეული და ბრიტანელი ტურისტებისთვის საუკეთესო ქართული გემოების აღმოსაჩენად გზამკვლევია შეთავაზებული. „გამორჩეულად მდიდარი კულინარიული მემკვიდრეობითა და მსოფლიოში მეღვინეობის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიით, საქართველო არის ადგილი, სადაც კერძები და მათი დაგემოვნება ერთდროულად ხელოვნებაცაა და სოციალური რიტუალიც“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი რუდოლფ აბრაამი.
დიდ ბრიტანეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის მიზანი ბრიტანულ ბაზარზე საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი მიმართულების პოზიციონირებაა. კამპანია მოიცავს British Airways-თან პარტნიორობით ციფრულ აქტივობებს, ბანერულ რეკლამას, სარეკლამო სტატიებსა და სხვა ინტეგრირებულ მარკეტინგულ ღონისძიებებს, ასევე წამყვან ონლაინ მედია პლატფორმებზე ერთობლივი ბრენდირებული კონტენტის განთავსებას.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.