ბრიტანული Fear Group-ი საქართველოში ინვესტირებას გეგმავს
ბრიტანული Fear Group-ი საქართველოში ინვესტირებას გეგმავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მსხვილი ბრიტანული კომპანიის, Fear Group-ის დამფუძნებელს, სტივენ ფეარს შეხვდა, რომელმაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გამოხატა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტივენ ფეარის ინტერესია, ინვესტირება განახორციელოს სამთო-მოპოვებით სექტორში, ასევე საცალო ვაჭრობაში და ადგილობრივ ბაზარზე მსხვილი სუპერმარკეტების ქსელი შემოიყვანოს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სტივენ ფეარის შვილი და პარტნიორი ლეონ ფეარი. აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და წიაღის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია ზავრაშვილი.

საქართველოში სტივენ ფეარი ბრისტოლი-თბილისის დაძმობილების ასოციაციასა და ბრისტოლის სავაჭრო გილდიის ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელიც 8–13 ოქტომბერს გაიმართა.