ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები უკვე აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები უკვე აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
უწყების ცნობით, მოსალოდნელია, რომ საბრძოლო ოპერაციებში „ვაგნერის“ 1000-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი ჩაერთვება, მათ შორის ორგანიზაციის ხელმძღვანელები.
როგორც ბრიტანული დაზვერვა იტყობინება, უკრაინაში რუსეთის სერიოზული დანაკარგისა და დიდწილად შეფერხებული შეტევის გამო, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა „ვაგნერის“ მებრძოლები სირიიდან და აფრიკიდან უკრაინაში გადაისროლოს.
აღსანიშნავია, რომ 11 მარტს „ბიბისის“ რუსული სამსახური „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიაში ახალი დაქირავებული მებრძოლების მასშტაბური აყვანის შესახებ წერდა.