ბრიტანული არქიტექტურული ინტერნეტგამოცემა ელიავას პარკის პროექტის შესახებ სტატიას აქვეყნებს
ბრიტანული არქიტექტურული ინტერნეტგამოცემა ელიავას პარკის პროექტის შესახებ სტატიას აქვეყნებს

ბრიტანული არქიტექტურული ინტერნეტგამოცემა www. e-architect.co.uk ელიავას პარკის პროექტის შესახებ სტატიას აქვეყნებს. პროექტის ავტორია კომპანია Artytechs. სტატიის ავტორი ვრცლად წერს საქართველოზე, როგორც სატრანსპორტო და სავაჭრო დერეფნის, ასევე აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე. პროექტის თანახმად, პარკში წარმოდგენილი იქნება ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების დაკიდული მოდელები.

„განათებული დაკიდული მოდელები შეეესაბამება აბრეშუმს გზის რუკას, რომლის თითოეული სიმბოლო წარმოადგენს კონკრეტულ ქვეყანას და ხაზს გაუსვამს მის მდებარეობას, ისტორიულ რუკას. ამ სიმბოლოებს შორის იქნება თურქეთი – აია სოფია, საბერძნეთი – პართენონი, არგონავტები და ჯვრის მონასტერი, როგორც ქრისტიანობისა და ქვეყნის ისტორიის სიმბოლო“, – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ პარკის იდეა ქმნის საინტერესო სივრცეს, როგორც ისტორიულად, ისე ტურისტულად. პარკში იქნება სივრცე ღია და დახურული კაფეებისთვის, ქართული სუვენირების მაღაზიებისთვის, სადაც აღდგენილი იქნება ძველი ქართული ტრადიციები და სულისკვეთება, პარკში წარმოდგენილი იქნება შადრევნები, ღია ამფითეატრი, საბავშვო ზონა, ქანდაკებები, მწვანე სივრცეები, მათ შორის, იაპონური ბაღი, ნაძვნარის ზონა, დეკორატიული ხეების კუთხე. პარკს გაანათებს ქართული ანბანის ასოების ფორმის ილუმინაციები, რაც ასევე მოიზიდავს ტურისტებს.

სტატიის თანახმად, პარკში იქნება ორკესტრი – სკამებითა და მუსიკალური ინსტრუმენტებით, თუმცა მუსიკოსების გარეშე. რომელიმე სკამზე ვიზიტორის დაჯდომისას მუსიკა ავტომატურად აჟღერდება, ხოლო თუ რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა სკამზე დაჯდება, ცალკეული ინსტრუმენტების ჟღერადობა ცნობილ მელოდიად იქცევა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სკვერის თითოეული კუთხე განსხვავებული და საინტერესო იქნება. პროექტი 12 ათასი კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს.

დატოვე კომენტარი