ბრიტანეთში წარადგენენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც თანამდებობის პირების, მოსამართლეებისა და ადგილობრივი საბჭოს წევრების სახლებთან აქციების გამართვა აიკრძალება
ბრიტანეთში წარადგენენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც თანამდებობის პირების, მოსამართლეებისა და ადგილობრივი საბჭოს წევრების სახლებთან აქციების გამართვა აიკრძალება

დიდ ბრიტანეთში წარადგენენ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს, რომლებითაც აიკრძალება საპროტესტო აქციების გამართვა არჩეული თანამდებობის პირების, მოსამართლეებისა და ადგილობრივი საბჭოს წევრების სახლებთან.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ეს ცვლილება არის პოლიტიკურ სფეროში დევნისა და დაშინების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ნაწილი.

დანაშაულისა და საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ კანონპროექტის თანახმად, პოლიციას ექნება უფლებამოსილება, აღკვეთოს დემონსტრაციები, რომლებიც მიმართულია თანამდებობის პირებზე გავლენის მოხდენისკენ მათ მიერ უფლება-მოვალეობების შესრულების დროს ან პირად ცხოვრებაში. დანაშაული ექვს თვემდე პატიმრობით დაისჯება.

„ბრიტანულ პოლიტიკაში მონაწილე პირების მიმართ ძალადობის დონე ნამდვილად შოკის მომგვრელია – ეს არის საფრთხე ჩვენი დემოკრატიისთვის. ადამიანებს უნდა შეძლოთ ჩვენს პოლიტიკაში მონაწილეობა საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოების გამო შიშის გარეშე“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების მინისტრმა, დენ ჯერვისმა.

საპარლამენტო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბრიტანელი კანონმდებლების 96%-ს განუცდია შევიწროება, ხოლო ბრიტანეთში არჩევნებზე დამკვირვებელმა დამოუკიდებელმა ორგანომ განაცხადა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს კანდიდატების ნახევარზე მეტმა განიცადა მუქარა ან დაშინება.

გასულ წელს არჩევნებში გამარჯვებამდე, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სამიზნე გახდა, როდესაც პროპალესტინელი აქტივისტები მის ლონდონის სახლთან ბავშვთა ფეხსაცმელსა და ბანერს ტოვებდნენ და მისგან ისრაელისთვის იარაღის ემბარგოს მხარდაჭერას მოითხოვდნენ.

მთავრობაში აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საპროტესტო აქციების დროს სხვადასხვა შეზღუდვებს, მათ შორის სამხედრო მემორიალებზე ასვლას, პიროტექნიკის გამოყენებას, პროტესტისთვის გამოყოფილ ზონებში ვინაობის დამალვის მიზნით სახის დაფარვას. მთავრობაში აცხადებენ, რომ ზომები მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ.

ახალ კანონპროექტს ამჟამად პარლამენტი განიხილავს და როგორც მოსალოდნელია, ის მომავალ წელს დამტკიცდება.