ბრიტანეთში, სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილ დაღუპულებს შორის სავარაუდოდ ვიეტნამელებიც არიან
ბრიტანეთში, სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილ დაღუპულებს შორის სავარაუდოდ ვიეტნამელებიც არიან

ადამიანებს შორის, რომელთა ცხედრებიც დიდ ბრიტანეთში, სატვირთო მანქანაში აღმოაჩინეს, სავარაუდოდ ვიეტნამელებიც არიან.  აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ ვიეტნამის მოქალაქეების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ორმა ვიეტნამელმა ოჯახმა განაცხადა, რომ სატვირთო ავტომობილში შესაძლოა, მათი ნათესავებიც ყოფილიყვნენ.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ლონდონში მდებარე ვიეტნამის საელჩო აღნიშნულ საქმეთსან დაკავშირებით ბრიტანეთის ხელისუფლებასთან და გამოძიებასთან უკვე თანამშრომლობს. დიპლომატიური უწყების ცნობით, სულ მცირე, ორი ვიეტნამელი სწორედ მას შემდეგ მიიჩნევა დაკარგულად, რაც სატვირთო მანქანაში ცხედრები აღმოაჩინეს.

მანამდე ლონდონის პოლიციამ გაავრცელა ცნობა, რომ დაღუპულები ეროვნებით ჩინელები იყვნენ, თუმცა მოგვიანებით, სამართალდამცავ უწყებაში განმარტეს, რომ შესაძლოა, მათი ცნობა ზუსტი არ იყოს. გამომძიებლების ინფორმაციით, მთლიანი სურათის შესაქმნელად გარკვეული დრო და მტკიცებულებების მოპოვება სჭირდებათ.

23 ოქტომბერს, დიდ ბრიტანეთში, ლონდონის მახლობლად მდებარე ქალაქ გრეისში, სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი აღმოაჩინეს. სატვირთო ინდუსტრიულ ზონაში იდგა. მანქანა დიდ ბრიტანეთში ბულგარეთიდან 19 ოქტომბერს ჩავიდა. 39 გარდაცვლილს შორის ერთი მოზარდია. მომხდართან დაკავშირებით ოთხი ეჭვმიტანილია დაკავებული. ამჟამად მათი დაკითხვა მიმდინარეობს.